mcenareTa samyaro - lurj-mwvane wyalmcenareebi

Domain: Bacteria
Kingdom: Eubacteria
Phylum: Cyanobacteria

 

ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები - (ინგ. Cyanobacteria) (რუს. Цианобактерии)

წყალმცენარეთა განყოფილება (ტიპი). ერთუჯრედიანი, კოლონიური და მრავალუჯრედიანი (ძაფნაირი), უმეტესად მიკროსკოპული ფორმებია; განეკუთვნებიან პროკარიოტებს. მოლურჯო-მწვანე ფერი აქვთ, თუმცა გვხვდება მოყვითალო-მწვანედ, ვარდისფრად, იისფრად, ზოგჯერ შავად შეფერილი ფორმებიც. მორფოლოგიურად ჩამოყალიბებული ბირთვი და ქლოროპლასტი ლურჯ-მწვანე წყალმცენარეებს არა აქვთ. პლანქტონურ სახეობებს აქვთ. ე. წ. გაზის ვაკუოლები - პროტოპლასტში გაზით ამოვსებული სივრცეები. მრავალდებიან დაყოფით (ერთუჯრედიანები), ჰორმოგონიუმებით ძაფის ფრაგმენტებით (მრავალუჯრედიანები) და სხვადასხვა სახის სპორებით. სქესობრივი გამრავლება და მოძრავი შოლტიანი სტადიები განვითარების ციკლში არა აქვთ. ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები აერთიანებს 2000-მდე სახეობას, რომლებიც გავრცელებულია მტკნარ წყლებსა და ზღვებში. ცხოვრობენ ნიადაგზე და ნიადაგში, თოვლზე, ნესტიან ადგილებსა და ცხელ წყაროებში, ზოგი ლიქენების კომპონენტია. პლანქტონური ფორმები ინტენსიური გამრავლებისას იწვევენ „წყლის ყვავილობას“ და სასმელად უვარგისს ხდიან წყალს. იწვევენ აგრეთვე წყალსადენი ფილტრების დაცობას და თევზის სიკვდილს; ზოგჯერ წყალსაცავში ქმნიან კუნძულებსაც კი. ბაქტერიებთან ერთად ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები მონაწილეობენ სამკურნალო ტალახის შექმნაში, ახდენენ ნიადაგში ატმოსფერული აზოტის ფიქსაციას. ნიადაგზე მცხოვრები ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები მონაწილეობენ ნიადაგთწარმოქმნის პროცესში. უძველესი ჯგუფია, ნათესაური კავშირი სხვა წყალმცენარეებთან არა აქვთ.